Monday, October 4, 2010

...ბედი შენი... (დრამა)



***


...ბედი შენი...
ერთმოქმედებიანი პიესა

მოქმედი პირნი:

ელო _ ქვეცნობიერად ყმაწვილქალობის ოცნებას მინდობილი, ხასიათცვალებადი, მომხიბვლელი ქალი
სოლომონი _ ქვეცნობიერად სიჭაბუკის ოცნებას მინდობილი, ჭარმაგი მამაკაცი
დავითი _ ბერიკაცი, ვისაც შვილიშვილებიც დაუზრდია და ახლა შინ, სასაუბროდ არავინ უჩერდება

სურათი პირველი

დერეფანი. მის ერთ ბოლოში ძველი ნივთებით ამოვსებული სხვადასხვა ზომის ქოთნებია მილაგებული. მაგიდაზე გამოსაფენად შემზადებული სამუზეუმო ექსპონატები ალაგია. სავარძელებში სოლომონი და დავითი სხედან. სოლომონი გაზეთს კითხულობს.

დავითი. ღმერთმა უსმინოს! მერე, მერე...
სოლომონი. ადამიანის უპირველეს, სასიცოცხლო მოვალეობას მშობლიური კუთხის, მამულის სიყვარული წარმოადგენს. ყოველ სასიკეთო საქმეს პატრიოტიზმი, სახალხო ინტერესებისადმი ერთგულება უდევს საფუძვლად, ამ საფუძვლის ერთ-ერთ საყრდენად კი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უნდა მივიჩნიოთ...
დავითი. კი სწორედ...
სოლომონი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს იმ ნივთების, ხელნაწერების, პორტრეტების მნიშველობა და ფასი, რომლებიც ჩვენს ახლომახლო მოიპოვება, ან რომელთა მოპოვება შესაძლებელია, ისიც უნდა გვახსოვდეს, თუ მათ დროზე არ მივხედავთ, არ ვეპატრონებით, ამით დიდ ცოდვას დავიდებთ მომავალი თაობის წინაშე... (ქოთნებთან თაგვის ფაჩუნი გაისმის) მრავალი რელიქვიად ქცეული საგანი გამოგვეცლება ხელიდან და ჩვენი მხარის კულტურული მემკვიდრეობაც შემოგვეძარცვება... (ფაჩუნი გაძლიერდება. სოლომონი ფეხს იატაკს დაჰკრავს) ნამდვილი ყაჩაღია!
დავითი. არადა, რა გინდა, რომ ქნა, ჩემმა რძალმა, ჩემი ქალის მზითევი გარეთ გაყარა, ვაჟკაცმა ბაბუამისის ნაქონი ხმალი დანად გადააკეთა...
(ვიღაცა კარზე დააკაკუნებს, სოლომონი წამოდგება, გაზეთს დავითს მიაწვდის.)
სოლომონი. ჩაიკითხე, ვნახავ ვინ არის... (კართან მივა და მიიმალება. დავითი გაზეთს ჩააჩერდება და დაძაბული ჩურჩულით კითხულობს) გმადლობთ, შენი ჭირიმე, გმადლობთ! დიდი მადლობა გადაეცი დედათქვენს და ჩემს მაგივრად სთხოვე, მეტად ნუღარ შეწუხდება, ნახვამდის შენი ჭირიმე, ნახვამდის... (შემობრუნდება, შემოაქვს გაზეთგადაფარებული კალათა) რაღა ვქნა არ ვიცი, კვირა არ გავა ძღვნი არ მომართვან!
დავითი. რა მოხდა მერე, დავალებულია ეგ ხალხი შენგან (გაზეთს თვალს არ აშორებს) აგაშენა ღმერთმა! (ხმამაღლა დანაწევრებით განაგრძობს კითხვას) ჩვენი მისამართი, კულტურის რაიონული განყოფილება, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. (სოლომონს) რატომ შე კაცო?!
სოლომონი. (კალათას დადგამს) ხომ გითხარი, დავით, მუზეუმი ჩვენი სოფლის კულტურის სახლს დროებითაა თავშეფარებული. მისი ფონდი ახლა კომპლექტდება. მუზეუმი ჯერ არ გახსნილა...
დავითი. მუზეუმი არაა ეგ?! (ხელს დერეფნის მიღმა მდებარე ოთახისკენ გაიშვერს.)
სოლომონი. შენ, მუზეუმი ძველმანების შესანახი ადგილი ხომ არ გგონია? იცი, ამ ექსპონატებს რანაირი დამუშავება უნდა?! ერთი ღირსეული ექსპოზიციის მოწყობას შეიძლება მთელი სიცოცხლე შეალიო. (თაგვი ისევ აფაჩუნდება. სოლომონი ფეხაკრეფით წავა ქოთნებისკენ.)
დავითი. მაგდენი არ გამეგება მე?! კარგი ბიჭია, ეს ჩვენი ორბელი... (გაზეთს ხელს დაჰკრავს) მაგრამ... ხომ ხედავ რავა გათავხედა. დავდაგათ ხაფანგი...
სოლომონი. (მიანიშნებს გაჩუმდიო, მერე იატაკს უცებ დაჰკრავს ფეხს. თაგვი გაიქცევა. სოლომონი იმის ამოცნობას ცდილობს, თუ იგი რომელი მიმართულებით მოძრაობს) მაგარი ბაცაცაა, ჯერ იმის დადგენა მინდა, სორო სადა აქვს, ის პატარა მარგალიტი ამის მოპარული უნდა იყოს...
დავითი. გაგიჩინა საქმე... თაგვის წამალი მაქვს შინ...
სოლომონი. აჰ, არ გამაგონო!
დავითი. მაშინ კატას მოვიყვან!
სოლომონი. ჯერ ის მარგალიტი უნდა ვიპოვო, თუ გინდა შენს კატას გაყვეს შინ! (გაიცინებს.)
დავითი. რა ენა გაქვს, მაგ თაგვის საობშჩიკი არ გამომიყვანო და... ჰო, იმას ვამბობდი, დირექტორად, მაინც შენ უნდა დამდგარიყავი, დარაჯად დაუდექი ამ ბავშვებს! O
სოლომონი. ორბელს და ქეთევანს კი არ დავუდექი, ჩემს საქმეს ველოლიავები ასე, მაგათზე ბევრად ახალგაზრდა ვიყავი, ჩვენს რაიონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნაზე, რომ ვოცნებობდი; ვიკვლევდი, ვსწავლობდი... მერე, ვიღაცამ მიჩივლა კიდეც, მოაშორეთ ეგ კაცი სკოლასო, ისტორია-გეოგრაფიის სწავლების მაგივრად გარე-გარე ხეტიალს აჩვევს ბავშვებსო...
დავითი. დირექტორად, მაინც შენ უნდა დამდგარიყავი!
სოლომონი. საქმისთვის, ასე ჯობია, ორბელისთანა ბიჭს, ან ქეთევანისთანა გოგოს დარაჯად ხომ არ დავიყენებდი. იმათ ექსპონატები უნდა შეაგროვონ. Aარც აქაურობა ვარგა გამოკეტილი, აქაც, მცოდნე კაცი უნდა ტრიალებდეს. საქმისთვის ასე ჯობია... (დაჯდება) ჯერჯერობით კი, სულ სამი საშტატო გამოგვიყვეს; დირექტორის, მეცნიერ-თანამშრომლისა და დარაჯის. Kკი, სწორად მოვიქეცი, საქმისთვის ასე ჯობია...
დავითი. ჩემთვისაც! (გაიღიმებს) ისე შეგეჩვიე, აღარ ვიცი, აქამდე, უშენოდ როგორ ვძლებდი. რომ მასწავლებლობდი, რაღაცნაირად მერიდებოდა შენი. რამდენი რამ შეგიგროვებია, ვინ იფიქრებდა ამას...
სოლომონი. ერთი ჩვენი მონასტრის განძს მიმაგნებინა და...
დავითი. შენც გაქვს გაგებული ჩვენი მონასტრის გაძარცვის ამბავი? სოლომონი. გაგებული მაქვს რომელია, მთელი ცხოვრება, მაგ განძს დავეძებ. ისე შენ, დავით, მომსწრე უნდა იყო მაგ ამბის?
დავითი. მომსწრეც ვარ და...
სოლომონი. რა, და?! (ჩაფიქრდება)
დავითი. მქონდა ერთ კაცზე ეჭვი...
სოლომონი. რომელ კაცზე?
დავითი. იყო ერთი...
სოლომონი. ჩვენებური?..
დავითი. (თავს დააქნევს) კი, კი...
სოლომონი. ვინ, აღარ იტყვი!
დავითი. (მიმოიხედავს) ოღონდ, არ დამღუპო...
სოლომონი. მენდე, შე კაცო!
დავითი. ილარიონის ნაცოდვილარია ეგ, გადარეული ძმები, რომ არიან, მაგათი ბაბუასი.
სოლომონი. პირველად მესმის!
დავითი. ჩემს გარდა, ალბათ, ვერც გეტყოდა ვერავინ, მეც შემთხვევით მოვკარი ყური, ილარიონს, აზნაურის ქალი ჰყავდა, ჰოდა, ის ქალი, რომ მოხუცდა, ბაბუაჩემთან მოვიდა აღსარებაზე. ბავშვი ვიყავი მაშინ. ნიგოზს ვიპარავდი, იქნებ, სხვა რამესაც და, ბაბუაჩემი რომ იმ ქალს შემოუძღვა პალატაში, რა თქმა უნდა, სადღაც კუთხეში მივიმალე. ჩაჯდა ბაბუაჩემი სავარძელში, ჩაიმუხლა იმ ქალმა და მოახსენა, ილარიონი მონასტრის განძს მალავდა, დაშინებული ვყავდი და სანამ ცოცხალი იყო, ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ახლა შემინდოს ღმერთმაო... მერე, ის ქალი მალე მიიცვალა.
სოლომონი. ბაბუაშენი, ალბათ, იმ ღამესვე აიღებდა ბარს და... (თაგვი კვლავ აფაჩუნდება.)
დავითი. ყველა ერთი ჯოხით არ გაიდენება, ბაბუაჩემი ჭეშმარიტი მორწმუნე იყო...
სოლომონი. ბოდიში, ჩემო დავით, არც შენ გიძებნია?
დავითი. ხომ გითხარი, ბავშვი ვიყავი _მეთქი. მალავდაო, თქვა იმ ქალმა, თორემ სად მალავდაო, ის კი, არ უთქვამს. მაშინ, არც მიმიქცევია ყურადღება. რომ წამოვიზარდე, ილარიონს, უკვე იმდენ სასიკეთო საქმეს აბრალებდნენ, ნართაულად რომ წამომცდენოდა რამე, გაციმბირება სანატრელი გამიხდებოდა. შიშმა ჩემდა უნებურად მიმავიწყა შალიკაშვილის ქალის აღსარება. ახლა გამახსენდა, აა... ამ მუზეუმში მოვდივარ, ჩემი ბავშვობა მაგონდება, ყოველ წამს ვიხსენებდი რაღაცას და ძლივს არ გავიხსენე?!
სოლომონი. იქნებ წამოცდა, სად მალავსო?
დავითი. მალავსო თქვა, ალბათ სახლში მალავდა, ან ეზოში... არ ასვენებდა ნაქურდალი... შენ აგერ, თაგვის სოროსთვის ვერ მიგიგნია და...
სოლომონი. იქნებ შვილს, ან შვილიშვილს დაუტოვა? არა მგონია, მისი შვილი შეძლებულად კი ცხოვრობდა, მთავრობა ეხმარებოდა, მაგრამ იმხელა, დასაეჭვებელი ქონების პატრონი ნაღდად არ იყო, შვილიშვილებმა კი, სახლის გაყოფაზე ერთმანეთი კინაღამ დახოცეს. ილარიონს, ეტყობა, ძაან ეშინოდა, ამ ამბის გამხელის. ბოლო ათი წელი მამალი სკლეროზი სჭირდა და სულ მთლად გამოჩერჩეტდა. რომც ნდომებოდა, ვეღარ გაიხსენებდა, სად ჰქონდა გადამალული, ცოდვამ უწია...
სოლომონი. (წამოდგება) უნდა ვეძიოთ!
დავითი. გაგიჟდი?! მისმა გადარეულმა შვილიშვილებმა, რომ გაგვიგონ, ორივეს დაგვხოცავენ!
სოლომონი. ვერ უნდა გავიგონ, ილარიონის ნამოსახლარი, თითქმის უპატრონოდაა მიტოვებული.
დავითი. აბა, გავისულელოთ თავი?.. (ვიღაც უცაბედად შემოაღებს კარს. გამოჩნდება ელო. ძველმოდურად აცვია, პირისახეს პირბადე უფარავს. მაჯას, მკერდსა და ყურებს ტიხრული მინანქარით დამზადებული სამკაულები უმშვენებს. დავითი შეშინდება) ღმერთო, მიშველე!
ელო. (ყელი მოიღერა) ბატონი დირექტორი, ბატონი დირექტორი მიხმთ! 
სოლომონი. დირექტორი არ გახლავთ... მობრძანდით, რით გემსახუროთ ქალბატონო? 
დავითი. ეგ კაცი დირექტორი არაა, მაგრამ დირექტორზე მეტია ამ საქმეში! (თითქოსდა შეიცნობს) დაბრძანდით...
ელო. (იჭვნეულად შეათვალირებს, ფრთხილად მიუახლოვდება) მემკვიდრეობის თაობაზე გეახელით... (სკამზე მოხდენილად დაჯდება.)
სოლომონი. ვინ გამოგზავნათ ქალბატონო?
ელო. მდივანმა, შესანიშნავი ყმაწვილია. ძალზე თავაზიანად მიმიღო. გავოცდი პირდაპირ. ქალბატონო ელისაბედო, მითხრა, მხარეთმცოდნობის მუზეუმის დირექტორთან მიბრძანდით, ამგვარი საბუთების რეალიზების საქმე იმას ეხებაო.
სოლომონი. საინტერესოა, ძალზე საინტერესო...
ელო. მაშ, გენდოთ?
დავითი. ენდეთ, ქალბატონო, ამ კაცის შექმნილია ეგ მუზეუმი. (ნაძალადევი სიჩაუქით წამოდგბა) ბოდიში, ღირსეულად ვეღარ შეგეგებეთ, დავით ლარტყიაშვილი!
სოლომონი. სოლომონ სალაძე! (მკრდზე ხელს მიიდებს.)
ელო. ელისაბედ მინანქარი... (თავს ოდნავ დახრის.)
დავითი. უკაცრავად, თქვენ გიორგი ლარტყიშვილის შვილიშვილი ხომ არ ბრძანდებით? (ჩააცქერდა.)
ელო. დიახ, დიახ... ერთადერთი მემკვიდრე, მინანქარი ჩემი ფსევდონიმია. (კაბის საყელოს ქვემოდან, რაღაც საბუთს გამოაძვრენს და სოლომონს თავმომწონედ გაუწვდის.)
სოლომონი. (გამოართმევს) მინანქარი, (საბუთს გაშლის, დახედავს) საინტერესოა, ფრიად საინტერესო... (დავითი მხარს უკან ამოუდგება.)

ელო. (სახე გაუცისკროვნდება) მაშ, სცნობთ არა, ჩემს უფლებებს?
სოლომონი. მე პირადად... (ყურადღებით შეათვალიერებს. ბოლოს ქალის მაჯაზე გაკეთებულ სამკაულს დააჩერდება) ძალიან მომხიბლავია... რა კარგია ტიხრული მინანქარის ხელოვნება, ისევ რომ სულდგმულობს...
ელო. (გაოცებით შეხედავს) თქვენ, რა ქარაგმებით მელაპარაკებით?!
სოლომონი. იშვიათი რამ არის... თუ არ ვცდები ბაბუათქვენის მიერ უნდა იყოს შედგენილი?
ელო. დიახ, სრული ჭეშმარიტებაა, და მე გახლავართ მისი ერთადერთი მემკვიდრე...
დავითი. შენ, შვილო, აკაკის ქალიშვილი ხარ, ხომ? D
ელო. დიახ, ერთადერთი მემკვიდრე!
დავითი. (თავისთვის) გასაგებია, შვილო, გასაგები...
სოლომონი. როგორც მე გავიგე, ბაბუათქვენს ორი ჰექტარი მიწა, ორი არშინის სიღრმისა, მიუყიდია ვინმე ესეფი თავბერიძისთვის?
დავითი. ჭკვიანი კაცი იყო გიორგი ლარტყიშვილი, ჭკვიანი. ჯერ, საცა მოიხელთა, ჩალის ფასად შეიძინა მიწები, მერე ადგა და...
ელო. დიახ, ორი ჰექტარის მოცულობის და ორი არშინის სიღრმის მიწა, მიყიდა ესეფი თვბერიძეს, მხოლოდ ორი არშინის სიღრმეზე... (ორივე ნიშნისმოგებით შეათვალიერა.)
სოლომონი. აჰა...
ელო. ბაბუამ იცოდა რასაც აკეთებდა!
დავითი. კი, კი, ნიჭიერი კაცი იყო!
ელო. მობრძანდით, შეამოწმეთ! ამოთხარონ დაGგაზიდონ თავბერიძეებმა ის ორი არშინი მიწა, სადაც უნდა იქ წაიღონ... ნავთობი ჩემს მიწაში აღმოჩდა. მთავრობას, მე უნდა ავესახლებინე, მე!..
სოლომონი. ეგ ასხლება რაღად გინდა?!
ელო. კომპენსაცია მე უნდა მიმეღო, ბინასაც იქ ვიყიდდი, სადაც გული მიმიწევს...
სოლომონი. და მერე თქვენ საით მიგიწევთ გული?
ელო. პარიზს!
დავითი. (თავისთვის) გიჟი უძახე შენ...
სოლომონი. (ხმაში სევდა ჩაეფინება) მე, მხოლოდ ის შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საბუთის მნიშვნელობას, და როცა ისევ შევხვდებით ერთმანეთს, უფრო ნათლად მოგახსენებთ ჩემს აზრს.
ელო. (წამოიჭრება) იფიქრეთ! (საბუთს გამოსტაცებს) მოელაპარაკეთ თქვენს ხელმძღვანელობას, მე კიდევ გამოვივლი...
სოლომონი. (თავს დახრის) ვიფიქრებთ, ქალბატონო... მშვენიერი ნაკეთობაა...
ელო. ფერთა მიჯნურობა და სიღრმისეული გამჭვირვალობა...
სოლომონი. ძვირფასი ქვებითა და შუშით ამოვსებული ოქროს ამოღრმავებული ფირფიტები...
ელო. არ ველოდი, თუ აქ ტიხრული მინანქრის მცოდნეს შევხვდებოდი... ეს სამკაულები ჩემი წინაპრის ნახელავია. დედაჩემის პაპა, ამ საქმის უბადლო ოსტატი ყოფილა... მერე მე ლექსებს ვაქვეყნებდი ელმინანქრის ფსევდონიმით, ოჰ, ეს სიყმაწვილე! (სოლომონს) ინტუიცია თუ არ გღალატობთ მიხვდებით რისთვის წამოვიწყე ეგ ამბავი... (გასავლელისკენ გაემართება.)
სოლომონი. (თავისთვის, ორაზროვნულად) არსი მემკვიდრეობითობას ეხება...
ელო. (კართან წამით შეყოყმანდება და სოლომონს გააფრთხილებს.) მხოლოდ პარიზს! (მიიმალება.)
დავითი. გიჟი უძახე შენ!..


სურათი მეორე


ნამოსახლარი მთვარის შუქში. სოლომონი და დავითი მიწას თხრიან. განძს ეძებენ. სოლომონს ჟოკეის ქუიდ ახურავს.

დავითი. ილარიონმა რომ აზნაურის ქალი მოიტაცა, სიმამრი, თურმე, მისი კაცებით ფეხდაფეხ მოსდევდა. გაუშლია ილარიონს ნაბადი, მიუწვენია ზედ გულწასული ქალი და... (შორიახლო ძაღლი აყეფდება) რა ჭირი ეტაკა, იყნოსა ვითომ რამე?
სოლომონი. ვისია, თუ იცი?
დავითი. ილარიონის უფროსი შვილიშვილის...
სოლომონი. ბაბუამისის ნაფუძარს, რატომ არ შერჩა, მაინც რომელიმე? დავითი. ხომ გითხარი, სახლის გაყოფაზე კინაღამ დახოცეს ერთმანეთი.  მერე, აქ დარჩენა არც ერთმა არ ინდომა. არა, ამ განძის ამაბავი, რამ გამახსენა მაინც?! არც კი, მეგონა თუ მახსოვდა. ილარიონზე ვინ მიიტანდა ეჭვს, რევოლუციამდე ყაჩაღად კი იყო გავარდნილი, მაგრამ მერე, სულ მთლად ხალხის გაჭივრებაზე თავგადაკლულად გამოაცხადა თავი, გვარიანადაც დაუფასეს... მონასტრის გაძარცვის ამბავზე მახსოვს სხვა ხალხი დაიჭირეს. მონაზონი ვინც გააუპატიურა, იმას ბრალდებოდა ყველაფერი, იმას და მის ძმაკაცებს. იქნებ, ილარიონმა იმათ წაართვა ნაქურდალი და... რას გაიგებ კაცისას. ნააზნაურალის ქალის აღსარება რამ გამახსენა მაინც. მეგონა, არც კი, მახსოვდა...
სოლომონი. ასე უნდა მომხდარიყო ეს, შენც იმიტომ შემოეჩვიე ჩვენს მუზეუმს...
დავითი. ხმის გამცემი აღარ მყავს სახლში, ყველა გარე-გარე დარბის. სად ეშმაკში ჩამარხა იმ სულაქოთებულმა!
სოლომონი. ვაი, ჩვენი ბრალი, თუ უკვე მიაგნეს და გადაადნეს ილარიონის ლეკვებმა.
დავითი. აჰ, არა, ამას წინათ სამივეს დავაკვირდი, ორს ფოლადის კბილები ეკეთა. ერთი სანახევროდ უკბილოა... რომ ენახათ, ოქროთი ამოივსებდნენ პირს. ისე, ერთი-ორი კილო ოქრო, არც ჩვენ გვაწყენდა.
სოლომონი. (მიწის თხრას თავს მიანებებს) ეს რა წამოგცდა?!
დავითი. რა მოხდა, შე კაცო, ოქროს კბილები მეც დამამაშვენებდა!
სოლომონი. თამარ მეფის საფლავი, რომ გენახა, მისი ოქროს კუბოთი და ოქროს ქოშებით, საინტერესოა, რას იზამდი, იმასაც ოქროს კბილებად გადაადნობდი, ხომ?
დავითი. გაგიჟდი თუ რა, ეგ რამ გათქმევინა?!
სოლომონი. ჰოდა, თუ ასეა, რასაც ჩვენ ვეძებთ, ის ოქროც იმ ოქროდან იქნება ჩამოსხმული. ქართველი კაცი საზღვარგარეთიდან აგზავნიდა საქართველოს განძს, შენ კი...
დავითი. ნუ გახდი, ახლა ჩემს წამოცდენილ სიტყვას საქმედ! ვიხუმრე შე კაცო. ისე, ნეტავი, თამარის დასაფლავების ამბავი თუ არის მართალი?
სოლომონი. აბა რა...
დავითი. ჩემი უფლება, რომ იყოს, ვბრძანებდი, რომ ერთ დღეს, მთელი საქართველო ბარით ხელში გამოვიდეს...
სოლომონი. კაცო, შენ, შაჰ-აბასის სისხლი ხომ არ გირევია... საქართველოს კიდევ გადათხრა უნდა?! ჩვენ, ოქროს კი არ ვეხარბებით! ქართველ კაცს ქართულ მიწაზე, ყოველ მეტრში თამარ მეფის საფლავი უნდა ეგულებოდეს. ამაშია საქმე! (ბარს მიწას დაჰკრავს) იმ სულგანათლებულმა იცოდა, რა ანდერძს ტოვებდა. ამ ჩვენს მიწაში, ჩვენმა წინაპრებმა იმდენი რამე იმიტომ გადაგვიმალეს, რომ ეს დალოცვილი, ასე ადვილად, არც სხვას გადავათხრევინოთ და არც ჩვენ გადავთხაროთ.
დავითი. რატომ არ დავმუნჯდები, მოღალატე და საქართველოს დამაქცეველი არ გამხადა?!
სოლომონი. არ გეწყინოს! (აყეფდება ძაღლი, მის ხმას ორივე მიუყურადებს) იყნოსა რამე?
დავითი. ვიღაც სულიერს კი უნდა უყეფდეს... (გაფაციცდება) მგონი ვიღაც მოდის, ჩქარა გაწექი! (გაწვებიან) რას შვრება ეგ დალოცვილი, იქით მაინც მიბრუნდეს...
სოლომონი. ქალია თუ კაცი?
დავითი. არ გრცხვენია, შენზე უკეთესად, მე უნდა ვხედავდე?
სოლომონი. აჰ, რა დასანახი მაგ არის?! (თავს დახრის.)
დავითი. წაბრძანდა, შეგიძლია წამოდგე. აჰ, არა! უკან გამობრუნდა, მახეს არ გვიგებდეს... მგონი ვიღაცას დაეძებს. (აყეფდება ძაღლი) რაიმე ხიფათს არ გადავეყაროთ...
სოლომონი. ერთი იმ განძს წავაწყდებოდეთ და...
დავითი. ჰო, მართლა, თავის დროზე, ეგ მიწა მგონი ელისაბედის ბაბუას ეკუთვნოდა, თუ ორი არშინის ქვემოთ აღმოჩნდა დამარხული... (ახითხითდება) მგონი წავიდა, (წამოდგება) ვინ იყო მაინც, რას დახეტიალობს ამ შუაღამეს...
სოლომონი. ეგეც, იმ განძს, ხომ არ ეძებს... (ლოდზე ჩამოჯდება.)
დავითი. მაგ, სხვა რამეს ეძებს.. ჰო, იმას გეუბნებოდი, თუ ორი არშინის ქვემოთ აღმოჩნდა დამარხული... (კვლავ ახითხითდება) ისე, საცოდავი, გიჟი, რომ არ იყოს, რა ქალია, არა?
სოლომონი. (თითქოსდა უნებლიეთ) კი, ახირება ჭირს, მაგრამ სიყვარულისთვის სრულიად ვარგისია...
დავითი. ძალზე ლამაზი გოგო ყოფილა, მაგრამ აუჩემებია თურმე, სიყვარულით უნდა გავთხოვდეო. იმხანად, ერთი თანამდებობის პირი მისძალებია, ამდგარა ეს, ვაზა ჩაურტყამს თავში და იქვე გაუგორებია. ეგ ზნეც, მერე დასჩემდა თურმე, ხან თამარ მეფედ წარმოიდგენს თავს და ხან... დედამისი, ძალზე უწყობდა თურმე ხელს, გასულ წელს გარდაცვლილა საცოდავი. სიკვდილის წინ, თავის დას, ქეთევანს შევედრებია მიმიხედეო, იმანაც იძალა და წამოიყვანა. ჩამოვიდა და მთელი რაიონის ქალები დაესია, ამ ჩვენს ელისაბედს გადასარევი ხელი ჰქონია. მოდნიცა ქალები მაგის შეკერილი კაბის ჩაცმაზე ოცნებობენ. კაცისას, არაფერს ხელს არ აკარებსო. იმ ამბის მერე შეიძულაო, ამბობენ... ისე, გიჟი რომ არ იყოს, რა ქალია, არა?
სოლომონი. ვინ თქვა, რომ გიჟია?!
დავითი. ეჭვი გეპარება, თუ რა?!
სოლომონი. გიჟს არაფერი უგავს, ეგ უბრალოდ, ხასიათცვალებადია...
დავითი. ისე, ჩემო სოლომონ, შენც სიყვარულით ხომ არ გინდოდა ქორწინება? გადაყევი სკოლის და ამ მუზეუმის ამბავს... (აყეფდება ძაღლი, გაისმის ფეხის ხმა) არა, აქ რაღაც ამბავია, (გაფაციცდებიან) მგონი დავიღუპეთ! (გაწვებიან) ეგ ბიჭი ვინღაა?! შეხედე, შეხედე, ის გოგო რა გააფთრებით დააცხრა... (თავს დახრის.)
სოლომონი. პაემანი ჰქონიათ...
დავითი. ვისი გოგოა, თუ იცი?
სოლომონი. ილარიონის უფროსი შვილიშვილის უნდა იყოს, მე ვასწავლიდი ისტორიას...
დავითი. ხვევნა-კოცნის ისტორიას ხომ არა? (ჩემად გაიცინებს) რაო, რას შვრებიან, თუ იცი? ზუსტად ასრულებენ დავალებებს...
სოლომონი. კოცნიან ერთმანეთს, რა უნდა ქნან...
დავითი. რა ასწავლე ასეთი გაუთავებელი?! (თავს წამოსწევს) აუ, არ გადაუთრევია საცოდავი ბიჭი ბუჩქებში?! ბიჭს ვერ ვცნობ, რაღაც...
სოლომონი. ალბათ, გაღმა სოფლიდანაა...
დავითი. ცუდ ფეხზე შემოჩვევია ილარიონის ჯიშს, თუ გაუგეს... თუმცა, ეგ გოგოც არ ჩანს მაგის ხელიდან გამშვები, სწავლობდა რამეს?
სოლომონი. არა, ცუდი მოსწავლე არ იყო, მაგრამ ისეთი წყნარი ჩანდა, როგორ ვიფიქრებდი, ასე თუ...
დავითი. წყნარმა ქალმა იცის გადარევა, აუ, თუ არ შეეუძახეთ, ნაღდად დაღუპავს იმ ბიჭს!
სოლომონი. ჩაახველე, თუ კაცი ხარ!
დავითი. შენ ჩაახველე, შენი მოსწავლე იყო. ჩქარა, თორემ, მერე გინდა ჩაახველე და გინდა დინამიტი ააფეთქე. (ჩაახველებს) არა, ეს გოგო, მისი ნებით წამომდგომი არ ჩანს.
სოლომონი. ისეთი წყნარი ჩანდა, როგორ ვიფიქრებდი, ასე თუ...
დავითი. აა ბატონო, ფაქტი სახეზეა! (კენჭს მოძებნის და გადაისვრის) გაგიგია, ისე არიან გართულები...
სოლომონი. (წამოიმართება) შვილებო, თუ ერთმანეთი გიყვართ!..
დავითი. (ყოჩაღად წამოხტება) შეწყვიტე ძალადობა, მე შენ გეუბნები ილარიონის ნაშიერო, შეწყვიტე _მეთქი! (შეიკივლებს გოგო და გაქცეულების ფეხის ხმაც გამოაღწევს) მაინც ცხვარივით არ მიათრევს იმ საცოდავ ბიჭს?!
სოლომონი. ხომ დაუხეთქე ბავშვებს გულები!
დავითი. ბავშვები უძახე შენ და... (ახითხითდება.)…
სოლომონი. შენ რა გითხრა, შეიძლება, ასე ბავშვების შეშინება?! გავხედავ ერთს, ცუდად ხომ არ გახდა რომელიმე. (ფრთხილად გააბიჯებს და მიიმალება.)
დავითი. ბავშვები უძახე შენ და... (აყეფდება ძაღლი, მერე მამაკაცი აყვირდება და თოფიც გავარდება, ძაღლი უფრო გაავებული აყეფდება.)
სოლომონი. (შემოირბენს სოლომონი, უქუდოდაა) დავიღუპეთ! თუ არ გავასწარით, დაგვხოცავს!.. ის შეჩვენებული ძაღლი ქუდით ძლივს მოვიგერიე... (ბარებს წამოკრეფენ და გაიქცევიან.)
დავითი. ბავშვები უძახე შენდ და...


სურათი მესამე

დერეფანი. სოლომონს დერეფნის მიღმა მდებარე ოთახში ექსპონატები გადააქვს. Uუცებ მამაკაცი აყვირდება; ”ვისი ქუდიც ესაა და ვინც ჩემს ეზოში დაძვრება, თუ კიდევ შევამჩნიე ჩემი გოგოს სიახლოვეს, ჭაში ნახათქუნებ ვედროსავით გავუხდი თავს! ფეხქვეშ გავიგდებ!..” (ხმა მიწყდება და შემოვა დავითი.)
დავითი. სასიძოს გაუმარჯოს! ხომ იცი, იმ გოგოს გაუთხოვარი მამიდა ჰყავს, ბეწვზე ხარ გადარჩენილი, (ფანჯარაში გაიხედავს) გიჟივითაა, ძაან მონდომებულია, ქალიშვილთან ერთად შეიძლება შინაბერა დაც გაათხოვოს...
სოლომონი. ბავშვივით ხარ ამხელა კაცი, ჩვენგან გადათხრილ ადგილს თუ დაადგა თვალი, ის თქვი შენ...
დავითი. ნურაფრის შიში ნუ გექნება, შენი ქუდი ნადავლივით სახლში მიუთრევია ძაღლს და ამ გადარეულსაც მაშინ უნახავს. ისე, ბეწვზე ხარ გადარჩენილი! (ახითხითდება) რა ვქნათ, გავაგრძელოთ?..
სოლომონი. აბა, რა, უკან დასახევი გზა არაა... 
დავითი. რომ ჩაგვისაფრდეს? ხომ არ მოვიცადოთ ერთი-ორი დღე.
სოლომონი. გული არ მითმენს!
დავითი. შენც, იმ გოგოსავით ხომ არ ხარ?
სოლომონი. ბავშვივით ხარ ამხელა კაცი...
მამაკაცი ისევ აყვირდება: ”ვისი ქუდიც ესაა და ვინც ჩემს ეზოში დაძვრება, თუ დავიჭირე, ხახაში ჩავუყობ ხელს და ჯიგარს ამოვაცლი, ჯიგარს!”
დავითი. (ფანჯარაში გადაიხედავს) აჰ, მართლაც რომ გადავარჩინეთ ის ბიჭი! (სოლომონი ფანჯარასთან მივა, ვიღაცას თვალს მოჰკრავს და შეკრთება) გიჟი, უძახე შენ...
სოლომონი. ნუ ამბობ მაგას!
დავითი. შენ, კიდევ იმ ჭკუაზე ხარ, არა? აბა, გვეშველა მგონი, ჩვენსკენ გადმოუხვია, კი, კი კიბეზე ამოდის!
სოლომონი. (სამოსს შეისწორებს) კეთილი და პატიოსანი, ქართული ეროვნული ტანსაცმლის ნიმუში მინდა შევაკერინო, მუზეუმისათვის, რა თქმა უნდა...
დავითი. შენ, საექიმო უნდა დაგემთავრებინა, გიჟთან საერთო ენის გამონახვას, ასე ადვილად თუ შეძლებთ...
სოლომონი. ნუ აიჩემე ეს გიჟი...
დავითი. ბოდიში, ბატონო! (გაკვირვებული შეათვალიერებს) ჰაიდა, მინანქარი...
სოლომონი. (კარისკენ მიბრუნდება) იცოდე, ნუ სცოდავ! (კარს ელო შემოაღებს.)
ელო. შეიძლება?
სოლომონი. მობრძანდით! მობრძანდით (შეეგებება.)
ელო. გამარჯობათ! გამარჯობათ!
სოლომონი. მობრძანდით, მობრძანდით, აი, აქ დაბრძანდით! (სკამს შესთავაზებს.)
დავითი. გამარჯობა, შვილო, გამარჯობა!
ელო. (სკამთან შედგება) ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მგონი ამას წინათ შეგაწუხეთ...
სოლომონი. რას ბრძანებთ?!
ელო. როცა გარდასახვის ჟინი მომივლის, ჩემდა უნებლიეთ, სულ სხვა ვინმე მგონია თავი... ასეთ დროს დედაჩემი ყოველნაირად ცდილობდა მხარი აება, საუბარში ამყოლოდა, დავემშვიდებინე და შეპარვით საკუთარ თავს შემახსენებდა ხოლმე. დეიდაჩემი კი მიფრთხის და მეც, თვითნებურად, ხან სად გამიწევს გული და ხან სად...
სოლომონი. ბევრჯერ, ჩვენც ხელმოცარული მეოცნებენი ვართ...
დავითი. (თავისთვის) არ აჟღურტულდნენ მერცხლებივით?!
ელო. (ხელჩანთიდან ფურცელს ამოიღებს და სოლომონს გაუწვდის) აჰა, ჩაიბარეთ ჩემი მემკვიდრეობა, მგონი საინტერესო გარიგებაა! (სევდიანად გაიღიმებს.)
სოლომონი. (მოწიწებით გამოართმევს) გმადლობთ, გმადლობთ, ქალბატონო!
ელო. (იქაურობას მიმოათვალიერებს) ძალზე მიყვარს საუკუნეებგამოვლილი ნივთები...
სოლომონი. მობრძანდით, დაათვალიერეთ, მუზეუმის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ზოგიერთი ექსპონატი, უკვე დამუშავებული გვაქვს, მობრძანდით! (მიიწვევს, ელო გაჰყვება და დერეფნის მიღმა მდებარე ოთახში გავლენ) აი, ეს ჯვარი...
ელო. თქვენ, ნუ მიამბობთ, მე თავად შევეცდები ყოველი ნივთის წარსული წარმოვიდგინო, თუ რამეში დავეჭვდი, შეგეკითხებით... სოლომონი. კეთილი, ქალბატონო!
დავითი. ვინ იფიქრებდა ამას, სიყვარულო ძალსა შენსაო, ამათზე თქმულა სწორად... (წასასვლელად შეემზადება, ისევ აყვირდება მამაკაცი: ”ხომ მივაგენი, მივაგენი თუ არა, ამ ქუდის პატრონს! აბა, ახლა გადამირჩეს, თუ ვაჟკაცია!” (დავითი ფანჯარას მივარდება) მოგვეჭრა თავი, მაგას კი, არ დაშლის ჭკუა, მის გოგოს თუ არა, დას მართლა შეუსახლებს სოლომონს!.. (გამოვა სოლომონი.)
სოლომონი. (შეჭირვებული სახით) როგორმე შეაჩერე, არ გამიგიჟოს, ეს ქალი!
დავითი. მაგ მუტრუკს რა შეაჩერებს... ისე, ტანკს, რომ  ჩავარდნია ხალხი, ისე ჩავუარდები და კიბეზე ჩავაგორებ, შენ ნუ გეშინია! (შესაბრძოლებლად შეემზადება და გაიქცევა) შენ, ნუ გეშინია! (მამაკაცი ისევ აყვირდება: ”აბა, რა ეგონა, ჩემს ძაღლს, ისეთი ყნოსვა აქვს, პირდაპირ კონდრატეს ეზოს მიადგა, გამექცა მისი ღლაპი, თორემ ვანახებდი სეირს, ჭაში ნახათქუნებ ვედროსავით გავუხდი თავს!..”
სოლომონი. (სავარძელში ჩაეშვება, შვებით ამოისუნთქავს) მაღარიჩი უნდა გადაუხადო კაცმა იმ დარეტიანებულ ძაღლს!
ელო. (გამოსძახებს) ბატონო სოლომონ! ეს ყელსაბამი...
სოლომონი. (წამოვარდება) დიახ, დიახ, ტიხრული მინანქრის იშვიათი ნიმუშია! (მიიმალება.) 


სურათი მეოთხე

შუაღამე. ნამოსახლარი. სოლომონი და დავითი განძს ეძებენ.
დავითი. კი, დიდებული ქალია, მაგრამ მაინც რამ გათქმევინა?!
სოლომონი. აბა, რა მექნა?! ვთქვათ, უცებ რომ მოუაროს გარადასახვის ჟინმა, ჩემს გარდა ვინ გაუწევს სულიერ თანაგძნობას... და შესაძლოა, ვერც გამოვიდეს მდგომარეობიდან...
დავითი. (ახითხითდება) გადაგიყვანა ხომ მის ჭკუაზე? ისე, ოცი წლის ბიჭივით დაიმშვენე სიყვარული, აბა, ახლანდელებს რას გაუგებ... ნახე, ნახე! ის შენი ნამოწაფარი გოგო, კიდევ მიათრევს იმ ბიჭს... (გაფაციცდებიან.)
სოლომონი. ნამდვილად ხიფათს გადაგვყრიან!.. (გავარდება თოფი და მამაკაცი შესძახებს: ”არ გაინძრე, არ გაინძრე, თორემ გაგათავე!” მერე სხვა მხრიდანაც ზედიზედ გაისმის თოფის გასროლის ხმა. სოლომონი და დავითი გაწვებიან. ყიჟინას გოგოს კივილი შეუერთდება) ეს გოგო, რამ გადარია მაინც?!
დავითი. იმ საცოდავ ბიჭს, მგონი, მთელი საგვარეულო დაესხა თავს, გაკოჭეს საცოდავი. სოლომონ, არ შეგამჩნიონ, თორემ, მაგ გოგოს გადაბერებულ მამიდას... გაექცათ კაცო, ყოჩაღ, ბიჭო შენ! (მამაკაცის ხმა: ”არ გაუშვათ, არ გაუშვათ! ცოცხლად, ცოცხლად შეიპყარით!” (თოფების გასროლის ხმა იქაურობას გადააყრუებს) ამოგვხოცავენ ეგ გადარეულები, გავიქცეთ, თუ კაცი ხარ! (წამოხტება, სოლომონსაც წამოაყენებს, მერე გაიქცევა და გაიყოლიებს. სოლომონს რაღაც გაახსენდება, გაუძალიანდება, ჩამორჩება, დავითი მიიმალება.)
სოლომონი. რომ მომკლან, ფეხსაც არ მოვიცვლი, ელოს ხომ აქ ვეგულები... (კუნძზე ჩამოჯდება, ცას ახედავს, ამოიხროებს) “მუდამ სევდიან გულზედა, ქვიშა ლოგინად მიგია, ჩამიცვამს სევდის პერნგი, ზედ სევდის ღილი მიბია...~ (შემოირბენს ელო; თეთრი, ჩამოფრიალებული კაბა აცვია. იქაურობას სწრაფ მზერას მოავლებს. სოლომონი შეამჩნევს და წამოვარდება) ელო!
ელო. ღმერთო, დაილოცოს შენი სახელი...
სოლომონი. ელო!
ელო. ვერა მცნობ?! ეს მე ვარ!
სოლომონი. (თავისთვის) ალბათ, გარდასახვის ჟინი მოეძალა... (იმის ამოცნობას მოიწადინებს თუ რა განწყობას შეუპყრია ქალი. შეფრფინვით შეაცქერდება) ”წმინდაო, მოციქულთა სწორო... უწყი ტრფიალება სულისა ჩემისა და სურვილი შენდა მიმართ დაუპყრობელი, ნინო, მიითვალე სავედრებელი გალობა ჩვენი და მეოხ გვექმენ ქრისტეს მიმართ. წმინდაო მოციქულო სწორო...”
ელო. ვერ მცნობ?! ეს, მე ვარ...
სოლომონი. ”გხმობ, თამარ მზესა, უმზესად ზესა, მით რომელ უცხო ხარ სახილველი, უკლებად სათნო გვცისკრობენ ღაწვნი, გტურფობს მოხედვა, ბროლ-ვარდობს ყელი. Gაქვს არსთა წყალი, _ თვით მე გეწყალი, _ მშვიდი და წრფელი მოსახვეჭელი. Gანცვიფრდეს არსნი, ხმა-მაღლად მზანნი, ამას იტყვიან: `ჰე, საკვირველი!”
ელო. ეს მე ვარ... (ფრთხილად მიუახლოვდება.)
სოლომონი. (კვლავ მოიწადინებს მისი განწყობის ამოცნობას) ”ხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით, ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ესალბუნები! სადც ხარ, იმ არეს მოჰფენ სიამეს, _ უშენედ მოსცდეს მხიარულება!..~”
ელო. ეს მე ვარ...
სოლომონი. ”აგრე ტურფად რამ გაგზარდა, თუ არ ციდან ჩამოსული, ლაღი, წყნარი, პირმცინარი, ხარ დილის მზე ამოსული”...
ელო. სხვათა შედევრთა დეკლამირება, ახლა ჩემს სევდას ვერ განაქარვებს...
სოლომონი. სევდით ერთნი ვართ ცისა და მიწის და ამ სევდაში გამომწყვდეულნი ამბოხებული სიცოცხლით ვიწვით...და თუ დუელში მეპატიჟები, თან იარაღის ამორჩევის ნებაც მიბოძე, მე სიყვარულით ვიბრძოლებ მხოლოდ, ნუ დამშვიდდები!
ელო. (ხელებს მოხდენილად გაშლის და შესჩურჩულებს) მიჯნურთ დუელი... (თითქოს საქცეკვაოდ გამოიწვევს და წაუმღერებს) ქალი, ლამაზი ქალობით დედამ გაუშვა წყალზედა, ვაჟი ქებული ვაჟობით დაუხვდა სავალ გზაზედა;
სოლომონი. (მის ნათქვამს აუღებს ალღოს და ჭაბუკივით გაეთამაშება) ქალო, სიცოცხლევ, ცისა მშვენებამ, მიშველე რამე...
ელო. ახლოს ნუ მოხვალ, ხალხი რას იტყვის?! ბიჭავ! გზიდანა ჩამომეცალე...
სოლომონი. გოგო, რაი ვქნა, უცეცხლოდ ვიწვი, ბევრი ვეწვალე...
ელო. ბილიკ ვიწროა, ორს არ დაგვიტევს, გადადექ მეთქი, თორემ ინანებ!
სოლომონი. კიდეზე ვივლი, თავი მამიკვდეს, ბილიკს გაკვალულს ნუ დაინანებ...
ელო. ხომ არ გაგიჟდი?! ბალღი გვიყურებს, წყარომდე მისვლა, მაინც მაცალე...
სოლომონი. (შეცბუნებული სოლომონი მიმოიხედავს და რაკი დარწმუნდება, რომ იქ, რეალურად, მათ გარდა არავინაა, უფრო გალაღდება) ციმციმ აგიყვან, ფარვით გაკოცებ, მტლედ დავედები შენს ნატერფალებს...
ელო. წყალი გწყურია, წყაროსთან მიდი, ჩემი დოქიდან ყლუპსაც ვერ დალევ...
სოლომონი. შენა მწყურიხარ, შენ თუ მიშველი, იარას კოცნით თუ დამიამებ... (საკოცნელად წაიწევს.)
ელო. (თავს აარიდებს) კოცნას ნუ ფიქრობ, ნიავ მდარაჯობს, მამასთან მისვლას არ დაახანებს...
სოლომონი. ქალო, სიცოცხლევ, ცისა მშვენებამ, მიშველე რამე!  (მკერდზე, გულთან ხელს მიიდებს.)
ელო. (მიეჭრება) გული ხომ არ აგიჩქარდა?
სოლომონი. ასე კარგად, არც არასოდეს მიგვრძნია თავი...
ელო. მეც, შენებრ ოსტატურად, არც არავინ ამყოლია გარდასახვისას...
სოლომონი. მინდა, დარჩენილი წლები შენთან ერთად გავილამაზო...
ელო. შემომფიცე! 
სოლომონი. აუარაცხელი წელი და სათითაო დღე... მე მუდამ მინდა ვიყო, შენი თამამი ტყვე! აუღებელი ციხე, მიშენებული კლდეს, ბჭესთან ამაყად მდგარი, შენი ერთგული ტყვე... ათასწლეულის მიღმა, როცა ვავლებდით სვრელს, ათასწლეულის შემდეგ, როს გადავუფრენთ მზეს, ვყოფილვარ, ვარ, და კვლავაც, შენი ერთგული ტყვე!
ელო. თოფის ხმა გავიგონე, შემეშინდა, რაიმე არ ავნონ –მეთქი და გამოვიქეცი!
სოლომონი. ჩემს გამო შეშინდი? მაშ, მხოლოდ გარდასახვის ჟინს არ აყოლიხარ... (მოეხვევა და ჩაკოცნის.)
ელო. ამ წუთიდან მხოლოდ შენთვის განვეწყობი...
ფრთხილად და დინჯად შემოაბიჯებს დავითი. ხელებში ოქროს ბარძიმი უპყრია. ელო და სოლომონი განცვიფრებულები მიაჩერდებიან.
დავითი. მომირთმევია!.. რომ მივრბოდი, ყორეს წამოვედე, ჩამოიშალა და მთვარის შუქზე, ეს ბარძიმი აელვარდა...
სოლომონი. (შთაგონებით) მეთორმეტე საუკუნისაა!..
ელო. (ჩაიმუხლებს. ბარძიმს ეამბორება და აჩურჩულდება.) ღმერთო ყოვლისშემძლეო! საქართველოს ყოველ ტაძარსა და მონასტერს დაუბრუნე დაკარგული განძი, აღავსე ღირსეული საჭურჭლით განძთსაცავნი ჩვენნი...
სოლომონი. (ჩაიმუხლებს) ამინ! (ბარძიმს ემთხვევა.)
დავითი. (თითქოსდა თავისდა მოულოდნელად შემოსძახებს) ”ცეცხლო, აენთე, აენთე, ბოლო, შენ ადი აყარსა, დალიე დამალევინე, ჯიხვი დაარტყი მაყარსა!..” (გავარდება თოფი, ატყდება ყიჟინა. თოფების ხმა იქაურობას გადააქუხებს.)
                                                                                                                                                  
                                                                                                                                                      1980 წ.

*** 
...ბედი შენი... (დრამა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1984 წ. _ "The Lot of Yours" A drama. The Methodical Center Of The Minis


***
იხ.
პიესები:



No comments:

Post a Comment